რა უნდა გავითვალისწინოთ საძინებლის შერჩევისას?

img

საძინებელი ის ადგილია, რომელიც მფლობელის ცხოვრების სტილზე მეტყველებს.

საძინებლის შერჩევისას დიზაინერები გვირჩევენ, რომ ის ნაკლებად გადავტვირთოთ ზედმეტი ავეჯით. ყველა დეტალი ფუნქციურობის  მიხედვით შევარჩიოთ და აქცენტების დასასმელად დეკორში მინიმალისტური შტრიხები შევიტანოთ. 

იმისათვის, რომ საძინებელი კომფორტული და მყუდრო იყოს, აუცილებელია სტილის წინასწარ განსაზღვრა. თქვენი სახლის ყველაზე ინტიმური ნაწილი სასიამოვნო დასვენებისა და ძილის ადგილს უნდა წარმოადგენდეს.  

ავეჯის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ რამდენიმე მარტივი წესით - ის უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული, უსაფრთხო და ფუნქციური.

სწორედ ამიტომ, დღეს გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ინტერიერის დიზაინერებმა გაგვიზიარეს:

• თანამედროვე სტილის საძინებლისთვის ავეჯის შერჩევისას, გაითვალისწინეთ მოდის ტენდენციები და ინტერიერის დიზაინერთა რეკომენდაციები. პატარა სივრცის არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ოთახში დიდი ზომის ავეჯის შერჩევისგან თავი შევიკავოთ.  მაგალითისთვის, არასტანდარტული, პატრა ზომის საწოლი თქვენს საძინებელ ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს. 

• პატარა ზომის საძინებელი ოთახისათვის, ასევე, იდეალური იქნება შეარჩიოთ საწოლი შესანახი უჯრებით. ასეთი არჩევანის შემთხვევაში, თქვენ არ მოგიწევთ დამატებით დიდი კარადების ან კომოდების ოთახში განთავსება. მისი ჩაშენება საწოლშივე იქნება შესაძლებელი, რაც სივრცეს დაგიზოგავთ.

• მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა ან ტელევიზორის ყურება, როგორც ძილის წინა რუტინის ნაწილი, რეკომენდებულია საწოლი დარბილებული თავით, რომელიც არამარტო კომფორტულია, არამედ ტრენდული და ლამაზიცაა. ამასთან, ამ სტილის საწოლის უპირატესობა ტექსილის ფაქტურისა და ფერთა გამის დიდი არჩევანია. 

• საძინებელი არამარტო დასვენების, არამედ საკუთარ სილამაზეზე ზრუნავის ადგილიცაა. ამიტომ, ამ სივრცეში კომფორტული და მოსახერხებელია ტრილიაჟის ან კომოდის  განთავსება. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ავეჯი უნდა განლაგდეს ოთახის ყველაზე განათებულ ადგილას, მაგალითად ფანჯარასთან. თუმცა, ასევე,  შესაძლებელია დამატებითი განათების გამოყენება, რომელიც დამატებით დეკორატიულ ელემენტებსაც შეიტანს ინტერიერში. 

• თანამედროვე ინტერიერში ფერების სიჭრელე ჭარბობს, თუმცა საძინებლის ავეჯის ფერის შერჩევისას უპირატესობა ნეიტრალურ და პასტელურ ფერებს მიანიჭეთ. ასეთი ფერთა გამა ინტერიერს ჰაეროვან ელფერს სძენს და ამასთან ერთად სივრცეს უფრო დიდსა და ნათელს აჩენს. გაითვალიწინეთ, რომ განსაზღვრულ ფერებს ჩვენში გარკვეული ემოციის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, შერჩეული ფერი თქვენში სიმშვიდისა და კომფორტის განცდას უნდა ტოვებდეს.